რა დრო სჭირდება SEO-ს შედეგებს: რეალისტური ვადები ბიზნესისთვის
SEO სხვა მარკეტინგული არხებისგან განსხვავებული ლოგიკით მუშაობს. ფასიანი რეკლამის შემთხვევაში ხარჯსა და შედეგს შორის კავშირი თითქმის მყისიერია: ბიუჯეტი ჩართულია, ტრაფიკი მოდის, ბიუჯეტი ითიშება და ტრაფიკიც სწრაფად მცირდება. SEO-ში ინვესტიცია შედეგის მიღებამდე იდება - ტექნიკურ აუდიტში, კონტენტის შექმნაში, ბმულების მოპოვებასა და ანალიტიკაში, ხოლო ორგანული ხილვადობის ზრდას ხშირად რამდენიმე თვე სჭირდება. ამ პერიოდში ბიზნესი რესურსს ხარჯავს, შედეგი კი შეიძლება ჯერ თვალსაჩინო არ იყოს.
გრძელვადიან პერიოდში სურათი იცვლება. ტექნიკურად გამართული საიტი და საძიებო სისტემაში მაღალი პოზიციების მქონე კონტენტი დამატებითი სარეკლამო დანახარჯის გარეშე აგრძელებს მომხმარებლების მოზიდვას. ერთხელ შექმნილ გვერდს შეუძლია თვეებისა და წლების განმავლობაში შეინარჩუნოს ხილვადობა და სტაბილურად მოიტანოს ორგანული ვიზიტები, მაგრამ რამდენად სწრაფად დადგება ეს ეტაპი, კონკრეტულ ბიზნესსა და მის საწყის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
რატომ იღებს ზოგი ბიზნესი SEO-ს შედეგს უფრო სწრაფად?
ბიზნესებს შორის SEO-ს შედეგების მიღების დრო ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება და ეს სხვაობა მხოლოდ სააგენტოს ან სპეციალისტის გამოცდილებით არ აიხსნება. დიდი მნიშვნელობა აქვს საიტის საწყის მდგომარეობას: დომენის ისტორიას, არსებულ ორგანულ ხილვადობასა და ბმულების პროფილს. რამდენიმე წლის წინ შექმნილ საიტს, რომელსაც უკვე აქვს ინდექსირებული გვერდები, სხვა საიტებიდან მიღებული ბმულები და ორგანული ვიზიტების ისტორია, ახალი დომენისგან განსხვავებული საწყისი პოზიცია აქვს. ახალი საიტი კი ამ ყველაფერს თავიდან აგროვებს. იგივე ეხება ტექნიკურ მდგომარეობასაც. თუ საიტის სტრუქტურა გამართულია, მნიშვნელოვანი ინდექსაციის პრობლემები არ აქვს და გვერდები ტექნიკურად სწორად მუშაობს, SEO-ს სხვა სამუშაოების შედეგი უფრო სწრაფად შეიძლება გამოჩნდეს. სერიოზული ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში კი პირველი ეტაპი მათი აღმოჩენა და გამოსწორებაა.
ვიწრო, ნიშურ ან ლოკალურ მოთხოვნებზე მუშაობისას შედეგი შესამჩნევად სწრაფად დგება, რადგან იქ კონკურენციაც ნაკლებია. მაგალითად: კონკრეტულ ქალაქში ერთი კონკრეტული სერვისის პოვნისას საძიებო სისტემაში დაწინაურებას თვეები კი არა, შეიძლება კვირები დასჭირდეს, მაშინ როცა ფართო და მაღალი კონკურენციის მქონე ზოგად მოთხოვნებზე ბრძოლას მთელი რესურსი და დიდი დრო სჭირდება.
განსაკუთრებით რთულია იმ საკვანძო სიტყვებზე დაწინაურება, სადაც პირველ პოზიციებს წლების განმავლობაში უკვე დამკვიდრებული, მაღალი ავტორიტეტის მქონე კომპანიები, მედიასაშუალებები ან ნიშური პლატფორმები იკავებენ. პარალელურად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის საძიებო განზრახვას. რაც უფრო ზუსტად პასუხობს თქვენი გვერდი იმას, რასაც ზუსტად ეძებს ადამიანი, მით უფრო სწრაფად იმსახურებს საძიებო სისტემის ნდობას და მაღალ პოზიციას.
SEO-ს შედეგებზე გავლენას თავად სამუშაო პროცესის დინამიკაც ახდენს. ტექნიკური ცვლილებების დროულად დანერგვა, კონტენტის რეგულარული გამოქვეყნება, შიდა ბმულების გამართვა და რეკომენდაციების თანმიმდევრული შესრულება პროექტის განვითარებას აჩქარებს.
რა შედეგს უნდა ელოდოთ 3, 6 და 12 თვეში?
პირველი სამი თვე, როგორც წესი, საფუძვლის მომზადების პერიოდია, ამიტომ ამ ეტაპზე რეალური შედეგის მოლოდინი ხშირად ნაადრევია. სამუშაო იწყება ტექნიკური აუდიტით, ინდექსაციის პრობლემების გამოსწორებით, საძიებო სიტყვების კვლევით, საიტის სტრუქტურისა და არსებული გვერდების ოპტიმიზაციით, ახალი კონტენტის დაგეგმვითა და პირველი მასალების გამოქვეყნებით. ამ პერიოდში ძირითადი ცვლილებები კომერციულ შედეგებზე მეტად საძიებო ხილვადობის მაჩვენებლებში აისახება: იზრდება ინდექსირებული გვერდებისა და იმ მოთხოვნების რაოდენობა, რომლებზეც საიტი ჩნდება, მათ შორის დაბალ პოზიციებზეც.
მესამედან მეექვსე თვემდე პერიოდში, როცა ტექნიკური საფუძველი უკვე გამართულია და კონტენტი რეგულარულად ქვეყნდება, ზრდა უფრო თვალსაჩინო ხდება. ცალკეული გვერდები ეტაპობრივად აუმჯობესებს პოზიციებს, იზრდება ორგანული ვიზიტების რაოდენობაც. შედეგის მასშტაბზე გავლენას ახდენს როგორც კონკურენციის დონე და საძიებო მოთხოვნების ტიპი, ისე შესრულებული სამუშაოს მოცულობა და თანმიმდევრულობა. ეს ეტაპი ასევე მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, რომელი მიმართულებები იძლევა უკეთეს შედეგს და სად არის საჭირო სტრატეგიის კორექტირება.
ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდში SEO-ს ეფექტი, როგორც წესი, შედარებით მკაფიოდ ჩანს. გვერდები უფრო სტაბილურად იკავებს მოწინავე პოზიციებს, ხოლო საიტის მზარდი ხილვადობა უფრო კონკურენტულ მოთხოვნებზეც პოზიციების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა 12 თვე ყველა ბიზნესისთვის ერთნაირ შედეგს არ ნიშნავს. 3, 6 და 12 თვე საორიენტაციო ეტაპებია და არა გარანტირებული ვადები. მათი მთავარი ღირებულება ის არის, რომ ბიზნესს შეუძლია თითოეულ ეტაპზე შესაბამისი მაჩვენებლები შეაფასოს და დაინახოს, როგორ ვითარდება SEO-ს შედეგი დროთა განმავლობაში.
რა მეტრიკებით განისაზღვრება SEO-ს წარმატებული დინამიკა?
SEO-ს შეფასებისას მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ხილვადობისა და ბიზნესის შედეგების მაჩვენებლები. პირველ ჯგუფში შედის Google Search Console-ის ისეთი მეტრიკები, როგორებიცაა: ნახვებისა (ე.წ. impressions) და საიტზე გადასვლების რაოდენობა, საშუალო პოზიცია და CTR. ეს მაჩვენებლები ხშირად იცვლება მანამდე, სანამ მათი გავლენა გაყიდვებზე აისახება, ამიტომ პროექტის საწყის ეტაპზე ისინი მნიშვნელოვანი საორიენტაციო მონაცემებია. მაგალითად, საშუალო პოზიცია შეიძლება დროებით გაუარესდეს, როცა საიტი ახალ და უფრო ფართო მოთხოვნებზე იწყებს გამოჩენას. ნახვების ზრდა საიტზე გადასვლების შესაბამისი ზრდის გარეშე კი შეიძლება მიუთითებდეს, რომ საძიებო შედეგში გვერდის სათაური ან აღწერა მომხმარებლის ყურადღებას საკმარისად ვერ იპყრობს. აქედან გამომდინარე, ამ მეტრიკების ცალ-ცალკე შეფასება სრულ სურათს ვერ გვაძლევს.
გარდა ამისა, სასურველია ბრენდული და არაბრენდული მოთხოვნების ცალ-ცალკე შეფასება, რადგან არაბრენდულ ძიებებში ზრდა უკეთ აჩვენებს, რამდენად ფართოვდება საიტის ხილვადობა იმ მომხმარებლებს შორის, რომლებიც კონკრეტულად ამ ბრენდს არ ეძებდნენ.
მეორე ჯგუფი ტრაფიკის ხარისხსა და კომერციულ შედეგებს ასახავს. Google Analytics-ში ორგანული ვიზიტების რაოდენობასთან ერთად მნიშვნელოვანია კონვერსიების კონტროლი, იქნება ეს ზარი, საკონტაქტო ფორმის შევსება, შეკვეთა თუ სხვა სასურველი მოქმედება. ასევე უნდა შეფასდეს კონვერსიის მაჩვენებელი და ორგანული არხიდან მიღებული შემოსავალი. ეს მონაცემები აჩვენებს, მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა იზრდება თუ იმ მომხმარებლების რიცხვიც, რომლებიც ბიზნესისთვის სასურველ მოქმედებას ასრულებენ.
ხანგრძლივ პერიოდში მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რამდენ რესურსს მოითხოვს ერთი ორგანული კონვერსიის მიღება და როგორია ეს მაჩვენებელი ფასიან არხებთან შედარებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ერთი თვის მონაცემები ყოველთვის სრულ სურათს ვერ გვაძლევს, რადგან სეზონურობამ და ბაზრის ცვლილებებმა შესაძლოა შედეგებზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს.
დაიწყეთ თქვენი ბიზნესის SEO სტრატეგიაზე მუშაობა 10xSEO-სთან ერთად
ზოგადი ორიენტირები მხოლოდ საწყისი წერტილია - რეალური პროგნოზი და ვადები ყოველთვის თითოეული საიტის ინდივიდუალურ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება.
10xSEO-ს გუნდი თანამშრომლობას საიტის სიღრმისეული აუდიტით იწყებს: ვამოწმებთ ტექნიკურ მდგომარეობას, მიმდინარე პოზიციებს, კონკურენტულ გარემოს და იმ ზონებს, სადაც ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალია. ამის საფუძველზე ვამზადებთ ზუსტ სამოქმედო გეგმას, სადაც თითოეულ ეტაპს მკაფიო ამოცანები და საზომი მეტრიკები აქვს, პროექტის მიმდინარეობისას კი ბიზნესს რეგულარულად ვუზიარებთ მარტივად გასაგებ და გამჭვირვალე ანგარიშებს.
დაგვიკავშირდით და ერთად გავარკვიოთ, რა მასშტაბის შედეგის მიღწევაა რეალური თქვენი ბიზნესისთვის და რა ვადაში.
მზად ხართ SEO შედეგისთვის?
გაიგეთ როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ ორგანული ტრაფიკი. მიიღეთ უფასო აუდიტი 72 საათში.
უფასო SEO აუდიტი