ბიზნესი, რომლის შესახებაც ახლა გიყვებით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია – მისი სახელი საქართველოში თითქმის ყველამ იცის, თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ მასშტაბის კომპანია რამდენიმე თვის წინ ონლაინ სივრცეში ფაქტობრივად არ ჩანდა. ვებსაიტი არსებობდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ იღებდა ვიზიტორებს, როცა მომხმარებელმა ზუსტად იცოდა კომპანიის სახელი და მიზნობრივად ეძებდა მას. საძიებო სისტემებში ზოგად სერვისულ ტერმინებზე, პოზიციები პრაქტიკულად არ არსებობდა – რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიური საჭიროების მქონე კლიენტები ამ ბიზნესს უბრალოდ ვერ პოულობდნენ, მაგრამ საქმე მხოლოდ საძიებო პოზიციებში არ იყო.

პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – Google My Business-ის სწორი ოპტიმიზაცია

როცა პროცესში ჩავერთეთ, ნათელი გახდა, რომ კომპანიის Google პროფილი უბრალოდ არსებობდა, მაგრამ სრულფასოვნად არცერთ კრიტიკულ ელემენტს არ აკმაყოფილებდა. აღწერა ზედმეტად ზოგადი იყო და კატეგორიები სრულად არ ასახავდა კომპანიის რეალურ სერვისებს. ეს ყველაფერი კი Google-სა და მომხმარებლებს დაბალი ხარისხის სიგნალს უგზავნიდა, რადგან პროფილი ვერ ქმნიდა საჭირო ინტერაქციას და შესაბამისად, მომხმარებელიც ვერასდროს იპოვიდა იმ სერვისს, რომელიც ციფრულ სივრცეში უბრალოდ არ ჩანდა. 

ამ სიტუაციაში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო პროფილის დახვეწა –  დავიწყეთ კომპანიის სერვისების კატეგორიზაციით, შევავსეთ ყოველი შესაძლო ველი, განვაახლეთ ტექსტური აღწერები მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით და დავამატეთ მაღალი ხარისხის ფოტოები. ასევე აქტიურად მოვიზიდეთ რეალური მომხმარებლების პოზიტიური შეფასებები – ეს მიდგომა Google My Business-ის სანდოობას ყოველთვის მნიშვნელოვნად ზრდის და ვიზიტორების ყურადღებასაც მეტად იპყრობს.

Before imageAfter image

რატომ დავიწყეთ Google My Business-ით?

მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტსაც მრავალი პრობლემა ჰქონდა – დაწყებული ტექნიკური ხარვეზებით, დამთავრებული შინაარსობრივი ასპექტებით, არჩევანი პირველ რიგში Google My Business-ის ოპტიმიზაციაზე შევაჩერეთ. რატომ? იმიტომ რომ ლოკალური სერვისების შემთხვევაში, მომხმარებლის ქცევა განსხვავებულია – მათ გადაწყვეტილებას, თუ ვის დაურეკავენ,  ხშირად Google-ის მარტივი ძიების შედეგები განსაზღვრავს. 

ამიტომ, სანამ ვებსაიტის შინაარსსა და სტრუქტურაზე გადავიდოდით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო GMB პროფილის ამუშავება და რეალური მოთხოვნის დამუშავება. მარტივად რომ ვთქვათ,  ეს იყო ყველაზე სწრაფი გზა, რომ ზარების რაოდენობა პირველივე თვეებიდან თვალსაჩინოდ გაზრდილიყო.

ვებსაიტის ძირითადი გამოწვევები – ტექნიკური და შინაარსობრივი სურათი

ამ ყველაფრის პარალელურად, დეტალურად გავაანალიზეთ ვებსაიტის მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ გვერდები ნომინალურად არსებობდა, მათი ოპტიმიზაცია მინიმალურ დონეზე იყო. ძირითადი პრობლემები კი თავს შემდეგი მიმართულებებით იჩენდა: 

  • მეტა სათაურები და აღწერები არ ასახავდა შესაბამის საკვანძო სიტყვებს
  • სერვისების გვერდებს აკლდა შინაარსი
  • ბლოგის განყოფილება ფუნქციონირებდა, თუმცა არ არსებობდა თემატური სტრატეგია
  • საიტს ჰქონდა რიგი ტექნიკური პრობლემები
  • პრაქტიკულად არ არსებობდა გარე რესურსებიდან მიღებული ავტორიტეტი

ეს ყველაფერი ცხადად მეტყველებდა იმაზე, რომ საჭირო იყო კომპლექსური სტრატეგია.

სერვისების სტრუქტურიზაცია და საკვანძო სიტყვების კვლევა

იმისთვის, რომ როგორც საძიებო სისტემებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის კომპანიის პოზიციონირება გამოკვეთილიყო, სერვისების სტრუქტურა სულ თავიდან ავაწყვეთ. თითოეულ მომსახურებას მიეძღვნა ცალკე, ოპტიმიზებული გვერდი, რომელიც მოიცავდა:

  • დეტალურ აღწერას, რომელიც პირდაპირ პასუხობდა მომხმარებლის სავარაუდო კითხვებს
  • საკვანძო სიტყვებზე დაფუძნებულ მეტა სათაურებსა და აღწერებს
  • შიდა ბმულების სწორ სისტემას

ამ პროცესს წინ უძღოდა ე.წ. ,,ქივორდების’’ სიღრმისეული ანალიზი – გამოვავლინეთ ყველაზე ხშირად ძებნადი საკვანძო სიტყვები და სწორედ მათზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ძლიერი კონტენტ-სტრატეგია. ეს ნაბიჯი კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კონკურენტულ ლოკალურ ბაზარზე უკეთესად პოზიციონირებისთვის.

კონტენტის ძალა ლოკალურ SEO-ში

ამასთანავე, ბლოგებს შევძინეთ სრულიად ახალი ფუნქცია. ეს აღარ იყო მხოლოდ ინფორმაცია კომპანიის სიახლეების შესახებ, არამედ სტრატეგიულად დაწერილი სტატიები, რომლებიც:

  • პასუხობდა მომხმარებლების მიერ Google-ში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს
  • აძლიერებდა სერვისების გვერდებს შიდა ბმულებით
  • ქმნიდა ექსპერტიზის, ავტორიტეტულობისა და ნდობის სიგნალს 

ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ ტრაფიკის მოზიდვა, არამედ – სწორ ტრაფიკზე ფოკუსირება, უფრო კონკრეტულად  – იმ მომხმარებლებამდე მისვლა, ვისაც ამ კომპანიის სერვისი რეალურად სჭირდებოდა.

რიცხვებით გამოხატული რეალური პროგრესი

მთელი სტრატეგია ორიენტირებული იყო არა მხოლოდ საძიებო პოზიციების გაუმჯობესებაზე, არამედ ისეთი კონკრეტული ბიზნესმაჩვენებლების გაძლიერებაზე, როგორიცაა: ზარების რაოდენობის ზრდა, მომხმარებელთან მეტი ინტერაქცია და კონვერსიის გაუმჯობესება. მიზანი იყო, რომ ციფრულ გარემოში გაზრდილ ხილვადობას პრაქტიკული, გაზომვადი ეფექტი მოეტანა კომპანიისთვის.

პირველი 2 თვის შედეგებმა კი ცხადად აჩვენა 10xSEO-ს არჩეული სტრატეგიის ძალა:

  • ზარების რაოდენობა გაიზარდა 60%-ით
  • Google-ს პროფილის მეშვეობით კომპანიაში დამატებით 1,500-მდე ზარი შევიდა
  • კლიკების რაოდენობა გაიზარდა 370-ით
  • 20,000-ით მოიმატა ე.წ. ,,იმფრეშენების’’ მოცულობამ 
  • საიტზე შესვლისას მომხმარებლებს დახვდათ სრულად ოპტიმიზებული ტექსტები, რაც ასევე გაზრდილ კონვერსიაზე აისახა

ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ეფექტურია ლოკალური SEO საქართველოში, განსაკუთრებით ადგილობრივ სერვისებზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის. სწორედ ამიტომ, ეს გამოწვევა ჩვენთვის რთული არ იყო – გამოცდილების, მკაფიო სტრატეგიისა და ტექნიკურ დეტალებზე ზუსტი კონტროლის წყალობით, კომპანიამ სულ რამდენიმე კვირაში დაინახა რეალური შედეგები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ პროცესს ჯერ კიდევ აქვს ტრეფიკის მინიმუმ გასამმაგების პოტენციალი.

ამიტომ, თუ ფიქრობ, რომ შენი ბიზნესი საძიებო ველში არ ჩანს ისე, როგორც იმსახურებს, დაგვიკავშირდი დღესვე, რათა მომდევნო წარმატების ისტორია სწორედ შენს კომპანიაზე დავწეროთ.