როგორ გავლენას ახდენს ფოტოების გეოტეგირება (ე.წ. “geotagging) ლოკალურ SEO-ზე? 10-კვირიანი კვლევის მოულოდნელი შედეგები – ,,ჩემთან ახლოს” (near me) და ქალაქზე დაფუძნებული (city-based) Google-ის რეიტინგი.
სარჩევი
- დებატები გეოტეგირების ეფექტურობის გარშემო
- კვლევის მეთოდოლოგია და ტესტირების პროცესი
- კონტროლის პერიოდი და ტესტირების შედეგები
- ძირითადი მიგნებები – გეოტეგირების ეფექტი და მისი გავლენა
- რა შედეგები გამოიკვეთა კვლევის შედეგად?
- რა არის საუკეთესო მიდგომა?
10-კვირიანმა კვლევამ საბოლოოდ გასცა პასუხი კითხვას, თუ როგორ აისახება ლოკალურ რეიტინგზე EXIF მონაცემებში კოორდინატების დამატება. გაირკვა, რომ ფოტოებისთვის ლოკაციის დეტალების მითითება გუგლის ლოკალურ რეიტინგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მაგალითისთვის, ,,ჩემთან ახლოს” (near me) ძიებებისთვის- სურათებში დამატებულმა კოორდინატებმა რეიტინგი გაზარდა იმ კონკრეტულ ადგილებში, რომლებიც EXIF მონაცემებში იყო მითითებული, მაშინ, როცა ქალაქის სახელით ძიებებისთვის, იმავე გეოტეგირებულმა სურათებმა რეიტინგის ვარდნა გამოიწვია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სურათს ჰქონდა კონკრეტული ქალაქის კოორდინატები, “near me’’-ს დამატებით საკვანძო სიტყვა საძიებო სისტემის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა.
დებატები გეოტეგირების ეფექტურობის გარშემო
SEO-ს სპეციალისტები წლებია მსჯელობენ, რამდენად დიდი გავლენა აქვს სურათების EXIF მონაცემებში კოორდინატების დამატებას Google Business Profile-ის (GBP) რეიტინგზე. გავრცელებული თეორიის მიხედვით, თუ ბიზნესი ან მომხმარებელი ტელეფონით იღებს ფოტოს და ტვირთავს GBP-ზე, გუგლი ამოწმებს EXIF მონაცემებს და სურათის გადაღების ადგილს რეიტინგის სიგნალად იყენებს.
იმის გამო, რომ სმარტფონები ავტომატურად ამატებენ ლოკაციის დეტალებს EXIF მონაცემებში, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გუგლი ამ დეტალებს იყენებს იქამდე, ვიდრე მას ფოტოდან ამოშლის. ეს თეორია ლოგიკურად ჟღერს, თუმცა სკეპტიკოსები მის სიზუსტეს მაინც ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან EXIF მონაცემების რედაქტირება ნებისმიერი უფასო ხელსაწყოს მეშვეობით მარტივადაა შესაძლებელი.
ამ თემის ირგვლივ უკვე წლებია არაერთი მოსაზრება ისმის. მაგალითად, გუგლის წარმომადგენელმა, ჯონ მიულერმა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ Reddit-ზე აღნიშნა, რომ SEO-სთვის გეოტეგირება საჭირო არ არის. 2024 წლის თებერვალში კი, მან Bluesky-ზე განაცხადა, რომ Google Business Profile-ის მექანიზმების შესახებ ბევრი არაფერი იცის.
საჭირო კითხვებზე პასუხების მიღება დროთა განმავლობაში სცადეს სხვადასხვა ექსპერიმენტითაც. მაგალითად, ლოკალური SEO-ს ექსპერტმა, ჯოი ჰოუკინსმა, რომელიც სააგენტო Sterling Sky-ის ხელმძღვანელია, 2024 წლის იანვარში ჩაატარა ტესტი, რომლითაც შეამოწმა GBP-ს ხუთი ლოკაცია და დაადგინა, რომ კვირის განმავლობაში რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. ერთი თვის შემდეგ კი ტიმ კალჰერტმა, რომელიც Hypetrix-ის აღმასრულებელი დირექტორია, ასევე ჩაატარა ტესტი, რომლითაც დაასკვნა, რომ ამ ტაქტიკას ადგილობრივ რეიტინგზე გავლენა არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.
ამ დაუსრულებელ დებატებში ერთ რამ ცხადია – ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ გეოტეგირება მუშაობს, არასდროს აქვეყნებენ მონაცემებს ან კვლევებს და მხოლოდ პირად გამოცდილებას ეყრდნობიან. სკეპტიკოსები კი მასშტაბურ კვლევებს რატომღაც არ ატარებენ. სიტუაციას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის გუგლის არაერთგვაროვანი პოზიცია. ამიტომაც უკვე დრო იყო, ეს ტესტი საფუძვლიანად ჩატარებულიყო.
კვლევის მეთოდოლოგია და ტესტირების პროცესი
ტესტში მონაწილეობას იღებდა 27 ბიზნესი, რომელიც გაზონის მოვლის სფეროში პოზიციონირებს. ექსპერიმენტის სიზუსტისთვის, ყველანაირი SEO აქტივობა დროებით შეჩერდა და ყურადღება მხოლოდ გეოტეგირების ეფექტზე გამახვილდა.
ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, თითოეული კლიენტის Google Business Profile-ზე იტვირთებოდა მათივე საკუთრებაში არსებული სურათი (კვირაში 2 ფოტო) ამის შემდეგ, სერვისული რაიონიდან შეირჩა ორი ისეთი ქალაქი, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებდა და რომლებიც ტესტის საწყის ეტაპაზე Local Falcon-ის ანგარიშზე დააყენეს. ყურადღება მიექცა იმასაც, რომ შერჩეული ქალაქები ერთმანეთისგან იმდენად შორს ყოფილიყო, რომ ერთმანეთზე გავლენა ვერ მოეხდინათ.
სატესტო პერიოდის განმავლობაში სურათების EXIF მონაცემებში კოორდინატები აისახა. სამშაბათობით სურათზე დაემატა Little Falls-ის, ხოლო ხუთშაბათობით – Garrisonville-ის ცენტრის კოორდინატები.
ყოველ კვირას გუნდი მონიტორინგს უწევდა რეიტინგის ცვლილების პროცესს და ქმნიდა თვალსაჩინო დიაგრამებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ქალაქისთვის მონიტორინგი ხორციელდებოდა სამ საკვანძო სიტყვაზე:
- “Lawn care Garrisonville’’ – გაზონის მოვლა Garrisonville-ში
- “Lawn care Little Falls’’ – გაზონის მოვლა Little Falls-ში
- “Lawn care near me’’ – გაზონის მოვლა ჩემთან ახლოს
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკვანძო სიტყვას “lawn care near me’’ და არცთუ უსაფუძვლოდ. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, თუ რა გავლენას ახდენდა ეს სიტყვა რეიტინგის ცვლილებებზე ორივე სამიზნე ქალაქში: Little Falls-სა და Garrisonville-ში.
კონტროლის პერიოდი და ტესტირების შედეგები
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კონტროლის პერიოდი, რომელიც ტესტირების მსგავსად 5 კვირა გაგრძელდა. თანმიმედვრულობის დასადგენად და ცვლილებების გასამიჯნად ყურადღება მიექცა შემდეგ დეტალებს:
- შენარჩუნდა სურათების ატვირთვის განრიგი, რათა სხვადასხვა დღეს ფოტოების ატვირთვას გავლენა არ ჰქონოდა რეიტინგის საბოლოო შედეგზე.
- ამოღებულ იქნა EXIF-ის ყველა მონაცემი, რათა ტესტირების პერიოდში ერთადერთი ცვლადი მხოლოდ კოორდინატები ყოფილიყო.
- მონიტორინგი განხორციელდა ერთსა და იმავე საკვანძო სიტყვებზე.
- დროებით შეჩერდა SEO აქტივობები 27 ლოკაციაზე.
კონტროლის პერიოდის დასრულების შემდეგ, მუშაობა ჩვეულებრივ გაგრძელდა, იმ განსხვავებით, რომ სამშაბათის სურათზე დაემატა ქალაქი #1-ის კოორდინატები, ხოლო ხუთშაბათის სურათზე – ქალაქი #2-ის კოორდინატები.
ძირითადი მიგნებები – გეოტეგირების ეფექტი და მისი გავლენა
ის შედეგები, რაც ამ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, ამყარებდა სკეპტიკოსების მოსაზრებებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ამ ტესტმა გეოტეგირების მნიშვნელობა უგულებელყო.
სერვისი + ქალაქი
მაშინ, როცა სურათებს დაემატა მათი კოორდინატები, როგორც Garrisonville-ში, ისე Little Falls-ში, რეიტინგები შემცირდა ისეთ საძიებო სიტყვებზე, როგორიცაა: “lawn care garrisonville” და “lawn care little falls” – რაც იმას ნიშნავს, რომ გეოტეგირებას ამ შემთხვევაში გავლენა არ ჰქონია.
სერვისი + “near me’’
სპეციალისტებისთვის ეს შედეგი საკმაოდ მოულოდნელი და ამავდროულად, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. Garrisonville-სა და Little Falls-ში რეიტინგში დაწინაურდა საძიებო სიტყვა “lawn care near me’’.
სერვისი + “near me’’(CoA)
Local Falcon-ი ამზადებს ანგარიშებს ბიზნესის მისამართის ცენტრის შესახებ, რაც შემდეგ მონიტორინგს უწევს იმ საკვანძო სიტყვების რეიტინგს, რომელშიც ბიზნესის ზუსტი ადგილმდებარეობაა განსაზღვრული.
საბოლოო შედეგის მიხედვით, EXIF მონაცემებს არანაირი გავლენა არ ჰქონდა ბიზნესის რეალურ მდებარეობაზე ისეთი ტიპის მოთხოვნისთვის, როგორიცაა: „ჩემთან ახლოს’’ (near me). რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა, როცა სურათებს დაემატა EXIF მონაცემები, რომელთა სამიზნედაც სხვადასხვა ლოკაციები იყო შერჩეული.
სერვისი + ქალაქი (ATRP) და სერვისი + “near me” (ATRP)
საერთო რეიტინგის საშუალო პოზიცია (Average Total Rank Position – ATRP) მიზნობრივ რეგიონში მიღწეულ საშუალო შედეგს ასახავს, რაც განისაზღვრება იმით, თუ როგორ მოქმედებს ამ ორ კონკრეტულ ზონაზე მიმართული სურათების დამატება მომსახურების დანარჩენ არეალზე.
მიღებული შედეგით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ მხრივ არანაირი გავლენა არ დაფიქსირდა. მეტიც, როდესაც EXIF მონაცემები სრული მომსახურების ზონებში დაემატა, ამ ტერიტორიების საშუალო რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდა.
ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა “near me’’-ის შემთხვევაში. გეოტეგირების შედეგად გავლენა არ დაფიქსირდა, თუმცა რეიტინგები კიდევ უფრო შემცირდა.
სერვისი + ქალაქი (SoLV) და სერვისი + “near me” (SoLV)
Share of Local Voice (SoLV) არის ერთ-ერთი მეტრიკა, რომელსაც Local Falcon იყენებს და რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ხშირად ჩანს კონკრეტული ლოკაცია მიზნობრივი გამოკითხვის რუკაზე სამ საუკეთესო პოზიციაში.
შედეგები ოდნავ განსხვავდებოდა მისამართის ცენტრის (Center of Address – CoA) და საშუალო საერთო რეიტინგის პოზიციის (Average Total Rank Position – ATRP) ანგარიშებისგან, თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მნიშვნელოვანი სხვაობა არ დაფიქსირებულა.
ამ შემთხვევაში საბოლოო დასკვნა იყო ის, რომ გეოტეგირებულ სურათებს გავლენა არ ჰქონდათ რეიტინგზე, თუმცა, ამჯერად, სატესტო პერიოდში რეიტინგი აღარ შემცირებულა, ისევე როგორც “near me” ძიების შედეგების შემთხვევაში -გეოტეგირებულ სურათებს არც აქ ჰქონდათ ეფექტი.
რა შედეგები გამოიკვეთა კვლევის შედეგად?
განხილული შვიდი მეტრიკიდან:
- მხოლოდ ერთმა აჩვენა გაუმჯობესება
- ექვს მათგანს არანაირი გავლენა არ ჰქონია
- ამ ექვსიდან ოთხ შემთხვევაში, გეოტეგირებული სურათების დროს რეიტინგი დაეცა
ბოლო ხუთი მეტრიკა ფოკუსირებული იყო მთელს მომსახურების სფეროზე და არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც EXIF მონაცემები იყო მითითებული.
ფაქტია, რომ რამდენადაც საკვანძო სიტყვა “near me” ეხმარება ძიებას კონკრეტულ სამიზნე ადგილებში, იმდენად აზიანებს ყველაფერს, სადაც გეოტეგირებული სურათები არ არის დამატებული.
რა არის საუკეთესო მიდგომა?
შეგიძლიათ ატვირთოთ უამრავი სურათი ყველა ქალაქში, მაგრამ ამ შემთხვევაში 2 პრობლემას წააწყდებით:
ფოტოების აურაცხელი რაოდენობის დამატების მიზნით, თქვენი GBP იქნება ე.წ. სპამი დაბალი ხარისხის სურათებით. ამის ნაცვლად, აჯობებს დარწმუნდეთ, რომ GBP კარგ ფოტოებს იყენებს. თუ სურათებს მხოლოდ საძიებო რეიტინგის გასაუმჯობესებლად დაამატებთ და არა ვიზუალური ხარისხისა და შინაარსისთვის, მომხმარებლისთვის ის ნაკლებად ღირებული იქნება.
გეოტეგირებული სურათების გამოყენებამ შესაძლოა “near me’’ (ჩემთან ახლოს) ძიებებისთვის დადებითად იმოქმედოს, მაგრამ ამავე დროს დააზიანოს რეიტინგი იმ ძიებებისთვის, სადაც კონკრეტული ქალაქის სახელი იქნება გამოყენებული. ეს არის ე.წ. კომპრომისი – როცა ძიება ერთი მხრივ უმჯობესდება, თუმცა, მეორე მხრივ ზიანდება. ეს სტრატეგია არათუ ვერ უზრუნველყოფს თანაბარ სარგებელს, არამედ შესაძლოა საერთო რეიტინგზეც უარყოფითად აისახოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტები გვირჩევენ, არ დავამატოთ გეოტეგები კლიენტების GBP სურათებზე და ვკონცენტრირდეთ მხოლოდ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ადგილობრივ რეიტინგზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს.